ჟურნალი ნომერი 7 ∘ მარიამ ხუბუნაია მეტრიკული დროის ენობრივი ასახვა მეგრულ ხალხურ ზღაპრებშიმარიამ ხუბუნაიადროის ათვლა ადამიანმა გაჩენის დღიდან დაიწყო. დრო ერთია და ერთიანია, თუმცა ადამიანი მას ანაწევრებს; დროის დანაწევრება ადამიანის მიერ გარემოსთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა. თავდაპირველად ხალხის ცნობიერებაში დროის დაზუსტება ციური სხეულების ან მკაცრი პერიოდულობით განმეორებადი ბუნებრივი მოვლენების საშუალებით ხდებოდა, საუკუნეების შემდეგ კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავიდა; შესაბამისად, ადამიანებმა შემოიღეს მეტრიკული დროის ცნება. მეტრიკული დრო თვლადი დროითი მონაკვეთების გამომხატველი ლექსიკური ერთეულებით გადმოიცემა.
საანალიზო ემპირიული მასალაა მეგრული ხალხური ზღაპრები [ხუბუა, 1937; დანელია-ცანავა, 1991]. მასალა დალაგებულია ტრადიციულად მიღებული კონკრეტული დროითი მონაკვეთების მიხედვით; პირველი მათ შორის არის
I. წელიწადი და წელიწადის დროები
წელი კონკრეტულ დროებს შორის ყველაზე დიდ დროით მონაკვეთს გამოხატავს; სწორედ მასთან მიმართებით განისაზღვრება სხვა მონაკვეთები: წლის დროები, თვეები, დღეები.
დროის წლებად დაყოფის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს და ათასწლეულებს ითვლის. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართველური ენებია.
მეგრულ ხალხურ ზღაპრებში ყველაზე დიდი დროითი მონაკვეთი − წელიწადი გადმოიცემა შემდეგი ლექსემებით:
წანა „წელი“ კონკრეტულ რიცხვით სახელებთან: მასმა წანა „მესამე წელი“.
„წარმოწანა“, რომელიც გულისხმობს ერთ სრულ წელს.
[1] „თიჯგურა მოცადინექ იჸიის, წანმოწანას ჯგირი დუქანი გოგუმანწყიის“[Megrelian Texts ed. Danelia-Canava: DC, 39, 2 [320, 22] მაგალითები დამოწმებულია TITUS- ის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან: https://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm − „ისეთი მშრომელი გამოდგნენ, ერთ წელიწადში კარგი დუქანი გამოაწყვეს“.
ჩვენ მიერ განხილულ მეგრულ ზღაპრებში წელიწადის დროების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები [გაზარხული „გაზაფხული“, ზარხული „ზაფხული“, დამორჩილი „შემოდგომა“, ზოთონჯი „ზამთარი“] არ დასტურდება; შესაბამისად, არ გვხვდება არც წელიწადის დროებით გამოხატული განზოგადებული დრო. ქართულ ხალხურ ზღაპრებში გამოიკვეთა, რომ წელიწადის დროების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულებით გადმოცემულია როგორც კონკრეტული, ასევე ზოგადი დრო; იშვიათად, მაგრამ მაინც ტოლადშერწყმული ანტონიმური შინაარსის კომპოზიტი − ზამთარ- ზაფხულ გამოხატავს მთელ წელს და გადმოსცემს განზოგადებულ დროს. რიგითობის მიხედვით წელიწადს მოსდევს
II. თვეები და კვირის დღეები
მეგრულ ზღაპრებში დასტურდება თვეების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები, თუმცა ქართულთან შედარებით მეგრული ზღაპრის მთხრობელი დროის გადმოსაცემად იშვიათად იყენებს კონკრეტული თვის დასახელებას; მეტიც, კონკრეტულ თვეებს შორის გვხვდება მხოლოდ იანვარი, ისიც ერთგან.
[2] ათენა ორე იანარიშ სერი [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 12, 60, 14 ]- „ეს არის იანვრის ღამე“.
აღსანიშნავია ისიც, რომ არა ზღაპრებში, არამედ სხვა ჟანრის მასალაში ერთი და იმავე თვის დასახელება გადმოცემულია პარალელური ფორმებით: ნოემბერიშ თუთა- გერგობათუთა „ნოემბრის თვე - გიორგობისთვე“ [დავით ხუბუნაია].
რაც შეეხება კვირის დღეებს, კვირეულის აღსანიშნავად ჩვენში მიღებულია შვიდდღიანი სისტემა, რომლისთვისაც ამოსავალი უნდა იყოს ებრაული [წარმოშობით შუმერულ-ბაბილონური] შაბათის სისტემა...[ქობალავა, 2020: 136].
მეგრულ ზღაპრებში კვირის მხოლოდ ორი დღე დადასტურდა: საბატონი „შაბათი“ და ჟაშხა „კვირა“, შვიდეულის დანარჩენი დღეები კი მხოლოდ ეთნოგრაფიული ხასიათის მასალასა თუ ინფორმატორების მიერ მოთხრობილ სათავგადასავლო ამბებში გვხვდება:
[3] „ჩქიმო არძა ართიე: თუთაშხა, თახაშხა, ჯუმაშხა, ცააშხა“ − ჩემთვის ყველა ერთია [სულ ერთია]: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი [ლომია, გერსამია, 2012: 84].
მეგრულ ზღაპრებში არ გვხვდება ქართულში გამოვლენილი ტენდენცია, როცა მთხრობელი კვირის სხვა დღეებზე ზოგადი დასახელებით მიგვითითებს, მაგალითად, „საქმის დღე“; ამგვარ მაგალითთა სტატისტიკური მონაცემები ქართულ ზღაპრებშიც ძალზე მცირეა; მეგრულ ზღაპრებში, როგორც აღვნიშნეთ, დადასტურდა კვირის ორი დღე [საბატონი, ჟაშხა], ხოლო ქართულმა მცირედი განსხვავება გვიჩვენა, მხოლოდ კვირა დღე გვხვდება. შემდეგია
III. დღე- ღამის მონაკვეთები
მეტრიკული დროის უმცირესი მონაკვეთი, ანუ დღე-ღამის ციკლი, თანამედროვე ასტრონომიული სისტემით განისაზღვრება, როგორც 24-საათიანი ინტერვალი დღისა და ღამის ზუსტი დროითი შეფარდებებით. ისინი ენობრივ ასახვაში წარმოდგენილია არამეტრიკული ერთეულებით – დღე და ღამე [ქობალავა, 2020: 138].
მეგრულ ხალხურ ზღაპრებში მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულებითაა გადმოცემული: ადრეული დილა, მისი წინარე პერიოდი, შემდგომ დილა, შუადღე, საღამო და ა.შ. . მეგრული ზღაპრის მთქმელი ხშირად აკონკრეტებს დროის გარკვეულ მონაკვეთებს.
მეგრულ ზღაპრებში დღის სხვადასხვა მონაკვეთი შემდეგნაირად აღინიშნება:
ადრეული დილა:
[4] ართი ოჭუმარესჷ გეიოლჷ ალონიშა...“ − „ერთ დილას წამოხტა ალიონზე“ [Megrelian Texts ed. Danelia-Canava: DC, 4, 11 [40, 21]].
დილა:
[5] ოჭუმარეს, ბჟაში სინთექჷ ქიიჸუნი, გედირთეს ჟირხოლო ტარიელემქჷ − „დილით, როგორც კი მზის სინათლე იქნა, ადგნენ ორივე ტარიელები“ [Megrelian Texts ed. Danelia-Canava: DC, 6, 60 [66, 34]].
საინტერესოა, რომ ლექსემა ოჭუმარე „დილა“ მთქმელის მიერ დაკონკრეტებულია ციური სხეულის აღმნიშვნელი ლექსემით ბჟა „მზე“ და ამით დაზუსტებულია, რომ უკვე გათენებულია, მზე ამოსულია.
[6] ღორონთქ ოჭუმარე გუუთანუუ“ − ღმერთმა დილა გაუთენა [Megrelian Texts ed. Danelia-Canava: DC, 39, 34 [324, 38]].
[7] ოჭუმარეს ადრე გინიბლენქია, სი ეშენი ვეგარავა, − უწუ მუმას „დილით ადრე გადავალო, შენ ამიტომ არ იტიროო, − უთხრა მამას [Megrelian Texts ed. Danelia-Canava: DC, 12, 10 [182, 26].
შუადღე:
[8] ონდღეშა გეუცადეს. ქაშქვილქ ქჷდოლჷ ონდღეს დო ართო მეულა − შუადღემდე დაელოდნენ. რქაგრეხილი [რქის მშვილდი] დავარდა შუადღეს და ერთად მიდიან [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 60, 270, 20 ]].
[9] ლურა ონდღეს − „სძინავთ შუადღეს“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 50, 233, 23 ].
ხშირად გვხვდება ნა- პრეფიქსიანი მიმღეობით გადმოცემული ლექსიკური ერთეული, კერძოდ, „ნაონდღერს“:
[10] თაქ გიშელეს ნაონდღერს − აქ გამოვიდნენ ნაშუადღევს [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 59, 269, 5 ].
საღამო:
[11] ენა თაში ქოქიმინეს, ონჯუას იშო დოხვილეს... − „ეს ასე ქნეს, საღამოს დაამწყვდიეს იქით...“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 60, 271, 8].
[12] გახაზჷრეს ოსერშე დო ოსერშეს ხენან დო ჭკომუნა − „გაამზადეს ვახშამი და ვახშამზე სხედან და ჭამენ“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 49, 229, 24].
ღამე:
[13] სერით ქიმერთჷ დიაკონქ დო პაპაშ სქუალეფწკჷმა ქჷდი̄ნჯირჷ − „ღამით მივიდა დიაკვანი და მღვდლის შვილებთან დაწვა“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 58, 264, 36].
[14] ქიმთიტუ ტყას შქასერიშე გინოჩილათირი ბორჯის...− „ჩატოვა ტყეში შუაღამიდან გადაცდენილ დროს“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 17, 75, 2 ]].
მეგრული ზღაპრის მთქმელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველთვის ცდილობს, რომ დრო დააზუსტოს, დააკონკრეტოს. ამიტომ, ცხადია, მეგრულისთვის სპეციფიკურია ის, რომ დრო დააზუსტოს აღწერითად. მთქმელი ამბობს „შქასერიშე გინოჩილათირი ბორჯის“ ანუ ნაშუაღამევს ბევრად გაცდენილიდროა, ანუ უფროა დაშორებული ნაშუაღამევს. დროის გადმოსაცემი ლექსიკური ერთეულები გვხვდება როგორც ცალკეული ზმნიზედური მონაცემებით, ისე მთელი ფრაზით.
დროის დასაზუსტებლად გამოყენებული რიცხვითი სახელი, ზედსართავი სახელი და ნაცვალსახელი მეგრულ ხალხურ ზღაპრებში
კონკრეტული დროის დაზუსტებას ემსახურება რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, რომლებიც მრავლად გვხვდება მეგრულ ზღაპრებში:
[15] დემებადუა სქუაქ დო ჟირ დღას ენა ოჭკომუა“-დამებადაო შვილი და ორ დღეს ეს შეჭამაო [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 60, 270, 1].
რიგობითი რიცხვითი სახელი:
[16] მასუმა სერს ხოლო ქჷდინჯირესჷნი... − მესამე საღამოს კიდევ რომ დაწვნენ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 43, 208, 13].
დროითი მონაკვეთების ხანგრძლივობის გამოსახატავად დროის აღმნიშვნელ სიტყვებს – დრო, ხანი დაერთვის სიდიდე/სიმცირის აღმნიშვნელი ვითარებითი ზედსართავი სახელები. შესაბამისად გვაქვს: დიდხანი „დიდი ხანი“, ჭიჭე დრო/ხანი „მცირე დრო“, „ცოტა ხანი“.
[17] დიდხანს ირკინეს, ართიანიშა მუთუნქ ვაღოლეს − „დიდი ხანი იბრძოლეს, ერთმანეთზე ვერაფერი ვერ ქნეს [ერთმანეთს ვერაფერი ვერ დააკლეს]“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 36, 170, 37].
[18] ჭიჭე დროქ მიდართჷ, საფლე დოტახეს − „პატარა დრო გავიდა, საფლავი დატეხეს“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 51, 237, 31].
[19] ჭიჭე ხანიშ უკული, კინი გიმილჷ ფენიაქ აშო − „პატარა ხნის შემდეგ, ისევ გამოვიდა ფენია აქეთ“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 22, 93, 12].
ასევე დასტურდება „ჭიჭეს“ შემოკლებული ვარიანტები: „ჭე ხანი“ და „ჭა ხანი“.
დრო და ხანის სინონიმური მნიშვნელობისაა ჟამი. როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდნ არის ცნობილი, ზოგადი მნიშვნელობით დროის გამომხატველი სიტყვა წინადადებაში გამოიყენება სახელური ფუნქციით და გადმოსცემს სუბიექტს ან ობიექტს [შესაბამის ბრუნვებში] და არ მონაწილეობს ტემპორალურ მიმართებათა სტრუქტურების შექმნაში. ამ ფუნქციით გვხვდება ზოგადად დროის აღმნიშვნელი სიტყვები: დრო/დროება, ხანი/ხანობა, ჟამი [ქობალავა, 2020: 116].
მეგრულ ზღაპრებში, ქართულისაგან განსხვავებით, ზმნასა და სახელს შორის შეიძლება მოთავსდეს პრეპოზიციული მსაზღვრელი:
[20] მუკილჷ ბრელი ხანქ - „გაიარა ბევრმა ხანმა“ [Megrelian Texts ed. Xubua: MX, 38, 177, 22].
დასკვნები:
ზღაპრის ენაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროის გამოხატვის მრავალფეროვან ენობრივ საშუალებებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანებმა დრო დააზუსტეს თვლადი მონაკვეთების გამომხატველი ლექსიკური ერთეულებით.
კონკრეტული დროის ერთეულებს შორის ყველაზე დიდ მონაკვეთს აღნიშნავს ლექსემა წელი. მასთან მიმართებით განისაზღვრება დროის სხვა მონაკვეთები: წლის დროები, თვეები, დღეები; ცალკე გამოიყოფა მეტრიკული დროის უმცირესი მონაკვეთი − დღე-ღამის ციკლი.
მეგრულ ხალხურ ზღაპრებში კონკრეტული წლები არ სახელდება, რაც ბუნებრივია ზღაპრის სტრუქტურა-შინაარსიდან გამომდინარე; თვეების სახელებიც იშვიათია, დასტურდება მხოლოდ კვირის ორი დღე: საბატონი „შაბათი“ და ჟაშხა „კვირა“. მეგრულ ზღაპრებში ასევე გვხვდება დღე-ღამის ციკლის ჩვეულებრივი მეტრიკული ერთეულები, როგორიცაა: ალონი „ალიონი“, ოჭუმარე „დილა“, ონდღე „შუადღე“, ნაონდღერი „ნაშუადღევი“ და მისთ. დღის განმავლობაში დროს აზუსტებს ასევე ჯერთან [პურის ჭამასთან] დაკავშირებული ლექსემებიც; მათგან მეგრულ ზღაპრებში დასტურდება მხოლოდ ლექსემა ოსერშე „ვახშამი“. კონკრეტული დროის დაზუსტებას ემსახურება:
ა. რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები: ჟირ თუთა „ორი თვე“, მაჟირა ოჭუმარე „მეორე დილა“ და სხვ.
ბ. სიდიდე-სიმცირის აღმნიშვნელი ვითარებითი ზედსართავი სახელები:
დიდ[ი] ხანი „დიდი ხანი“, ჭიჭე ხანი/ჭე ხანი/ჭა ხანი „ცოტა ხანი“ და სხვ.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლომია მ, გერსამია რ. 2015. დროის აღმნიშვნელი ლაზური ლექსიკის სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი. „ენათმეცნიერების საკითხები“. თბილისი.
ქობალავა ი. 2020. „სივრცისა და მოძრაობის ენობრივი რეპრეზენტაცია (მეგრული ენის მონაცემთა ანალიზი). თბილისი.
წყაროები:
1. „ქართული ხალხური ზღაპრები- „ზღაპარ იყო“. 2009. თბილისი.
2. ლომია მ, გერსამია რ. 2012. მეგრული ტექსტები. თბილისი.
3. ელექტრონული რესურსი: https://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm
4. სამეგრელოში ველზე მოპოვებული მასალები (2020-2022).
(მაგალითებთან დამოწმებულია მთქმელის სახელი და გვარი).